გავრცელებული სიტყვები და გამოთქმები

ჩვენ ხშირად ვხმარობთ ან გვესმის სხვადახვა გამოთქმები, რომელთა წარმოშობა ბევრმა არ იცის. ეს ხატოვანი სიტყვა-თქმანი სხარტულობისა და სიმახვილის გამო გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. ქვემოთ წარმოდგენილი სიტყვები და გამოთქმები სხვადასხვა წყაროებიდანაა ამოკრეფილი: ბერძნულ-რომაული მითოლოგიიდან და ლიტერატურიდან, ბიბლიიდან და სხვ. აქ წარმოდგენილია მხოლოდ ის სიტყვები და გამოთქმები, რომლებიც დროთა განმავლობაში დამკვიდრდა ქართულ მეტყველებაში.



ავგიასის თავლა - წლობით დაგროვებული სიბინძურე, უსუფთაობა, რომელიც უნდა გაიწმინდოს

საბერძნეთის მეფეს ავგიასს თავისი თავლა უყურადღებოდ ჰქონდა მიტოვებული. გმირს ჰერაკლეს დაეკისრა ამ საშინლად გაბინძურებული თავლის გაწმენდა. ჰერაკლემ მართლაც გაწმინდა ეს თავლა. მან მდინარე გაიყვანა თავლაზე და ტალღებმა გადარეცხეს სიბინძურე.



აი, სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული - ამ გამოთქმას ხმარობენ მაშინ, როცა რამეს დიდხანს ეძებენ და იპოვიან

პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ II ნადირობისას მისმა ძაღლმა სიკვდილს გადაარჩინა. მეფეს ის ძალიან უყვარდა და როცა მოკვდა, ბაღში დამარხა და ძეგლი აუგო. ერთხელ მეფის სასახლე დაიწვა და ძაღლის ძეგლიც დაიკარგა. დიდხანს ეძებეს ძაღლის საფლავი, მაგრამ ბოლოს მხოლოდ მისი თავი იპოვეს. „აი, სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხულიო“, - უთქვამთ თურმე ამის გამო. შემდეგ ეს გამოთქმა საყოველთაოდ გავრცელდა.



აკრძალული ხილი - ხმარობენ ისეთი რამის აღსანიშნავად, რაც მეტად სასურველი, მიმზიდველი, სახარბიელო და მაცდუნებელია, მაგრამ არა - სასარგებლო

ღმერთმა ადამსა და ევას სრული თავისუფლება მიანიჭა სამოთხეში. ერთი რამ აუკრძალა მხოლოდ - არ შეხებოდნენ ნაყოფს ხისა „ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა“. ეშმაკის ჩაგონებით სწორედ ამ ხის ნაყოფს დაეტანა ევა და ადამსაც აგემა ეს ნაყოფი. რაკი ადამმა და ევამ დაარღვიეს ღმერთის კურთხევა, ცოდვით დაეცნენ და აკრძალული ხილი იგემეს, ღმერთმა ისინი სამოთხიდან განდევნა.



ალფა და ომეგა - ყოველი საქმის თავი და ბოლო

ალფა ბერძნული ანბანის პირველი ასოა, ომეგა - ბოლო. ძველი ბერძნული ლიტერატურის გავლენით ამ ასოებმა ასეთი ქარაგმული მნიშვნელობა შეიძინეს.



ამაო ამაოებათა და ყოველივე ამაო - პესიმისტური შეხედულება ცხოვრებაზე

გამოთქმას ხმარობენ უკიდურესი პესიმიზმის გამოსახატავად. იგი მოდის ბიბლიის „დაბადების“ წიგნიდან „ეკლესიასტე“ (თ. 1,2).



ანათემა - წყევლა-კრულვა, შეჩვენება, ხატზე გადაცემა, ეკლესიიდან განკვეთა

რელიგიურ სასჯელთა სისტემაში სასჯელის ერთ-ერთი სახე არის ცოდვის ჩამდენის დაწყევლა და ეკლესიისაგან მისი განკვეთა (რათა ცოდვილში სინანული და ცოდვათა მონანიების სურვილი აღძრას). ასე, მაგალითად, რუსი მწერალი ლევ ტოლსტოი საეკლესიო წესების უარყოფისა და სამღვდელოების უგულებელყოფისათვის რუსეთის უწმიდესმა სინოდმა შეაჩვენა და განდევნა ეკლესიისაგან, ე.ი. ანათემას მისცა.



ანტიმონია - უსაფუძვლო, დაუსრულებელი და უშინაარსო მსჯელობა; უაზრო ლაპარაკი

XV საუკუნეში საფრანგეთში ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარმა შენიშნა, რომ სტიბიუმი ღორებს ასუქებს. წინამძღვარმა მოინდომა ბერებზე გაესინჯა სტიბიუმის მოქმედება და აჭამა იგი ბერებს. ბერები დაიხოცნენ. ამიტომ სტიბიუმს „ბერების საწინააღმდეგო“ უწოდეს, ანუ ფრანგულად „ანტიმუან“. მუანი ფრანგულად ბერს ეწოდება.

ამის შემდეგ მეცნიერებს შორის დიდხანს გრძელდებოდა უაზრო კამათი სტიბიუმის თვისებების შესახებ.



არიადნეს ძაფი - რთული მდგომარეობიდან თავის დაღწევის საშუალება

არიადნე კრეტის მეფის მინოსის ქალი იყო. მინოსმა გმირი თეზეოსი ლაბირინთში ჩააგდო, სადაც ის მინოტავრს უნდა შებრძოლებოდა. არიადნემ თეზეოსს ძაფის გორგალი მისცა. თეზეოსმა გორგალის თავი ლაბირინთის შესასვლელთან მიამაგრა, მინოტავრი მოკლა და ამ ძფის საშუალებით უკან დაბრუნდა.



აქილევსის ქუსლი - ადამიანის სუსტი მხარე

აქილევსი, ჰომეროსის პოემა „ილიადას“ გმირი, მისმა მოწინააღმდეგე პარისმა მხოლოდ მაშინ მოკლა, როცა ისარი ქუსლში მოახვედრა. რატომ მაინცდამაინც ქუსლში? აქილევსის დედას თეტიდას რომ შვილი მტრის იარაღისგან დაეცვა, იგი მდინარე სტიქსში ჩააყურყუმალავა. ამ დროს შვილი ქუსლით ეჭირა და წყალი აქილევსის სხეულის მხოლოდ ამ ნაწილს არ შეხებია. ამიტომ აქილევსის ქუსლი მისი სხეულის ყველაზე სუსტი და დაუცველი ადგილი აღმოჩნდა.



აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა - გამოთქმა ეკუთვნის ცნობილ გერმანელ ფილოსოფოსსა და მეცნიერს გოტფრიდ-ვილჰელმ ლეიბნიცს (1646-1716).



ბალამის ვირი - ჩუმი, მორჩილი ადამიანი, რომელიც მოულოდნელად განაცხადებს პროტესტს და ხმას ამოიღებს

ბიბლიის მიხედვით, ერთხელ ებრაელები მოაბის ქვეყანას დაესხნენ თავს. მოაბელთა მეფემ სთხოვა წინასწარმეტყველ ბალამს, დასწყევლე ებრაელები და გაიქცევიანო. გასამრჯელოდ დიდძალ ოქროს დაჰპირდა. ოქრომ შეაცდინა ბალამი, შეჯდა ვირზე და ებრაელთა დასაწყევლად გაემართა. ღმერთს არ უნდოდა მოაბელთა გამარჯვება და ანგელოზს უბრძანა, ბალამი არ გაეშვა. ანგელოზმა ბალამის ვირს გზა გადაუჭრა. ვირი გაჩერდა. ბალამმა სცემა ვირს ერთხელ, მეორეჯერ, მაგრამ ვირი ფეხს არ სძრავდა. მესამეჯერ რომ სცემა, ვირმა ხმა ამოიღო: რად მცემ, ვერა ხედავ, ანგელოზი არ მიშვებსო.



ბართლომეს ღამე (პარიზის სისხლიანი კვირა) - ამ გამოთქმაში იგულისხმება უმფარველო ხალხის მასობრივი სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა

კათოლიკური ეკლესიის რეფორმებმა მრავალი დაპირისპირება წარმოშვა, ყველაზე ნათლად ეს გამოვლინდა კალვინის მოძღვრებაში. კალვინის მიმდევრებს საფრანგეთში ჰუგენოტები ეწოდებოდათ. კათოლიკებსა და ჰუგენოტებს შორის ვითარება მეტად დაიძაბა.

1572 წელს ჰუგენოტების ბელადი ჰენრიხ ნავარელი საფრანგეთის მეფის კარლ IX დას მარგარიტას ირთავდა. ქორწილზე დასასწრებად პროვინციებიდან ბევრი გავლენიანი ჰუგენოტი ჩამოვიდა პარიზში. კათოლიკებმა ისარგებლეს შემთხვევით და გადაწყვიტეს ჰუგენოტებთან ანგარიშის გასწორება. წინასწარ ჩამოუარეს და თეთრი ჯვრები დაუსვეს სახლებს, სადაც ჰუგენოტები ეგულებოდათ. ღამით, 1572 წლის 23 აგვისტოს, წმინდა ბართლომეს დღესასწაულის წინ, ატყდა ზარების რეკვა, რაც იმის სიგნალი იყო, რომ შესდგომოდნენ ჰუგენოტების ხოცვას.



ბატებმა რომი იხსნეს - გამოთქმას ირონიულად ხმარობენ ისეთი ადამიანის მიმართ, რომელიც იკვეხნის თავისი წინაპრების ან სხვათა დამსახურებით, თვითონ მას კი არაფერი მოეპოვება სასიქადულო

ძვ.წ. 390 წელს გალების ლაშქარმა რომი დაიპყრო. არსებობს გადმოცემა, რომ რომაელ ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა კაპიტოლიუმს (რომში: ერთ-ერთი გორაკი, რომელზედაც აშენებულია სასახლეები, მუზეუმები და სხვ. ძველად ამ გორაკზე მოთავსებული იყო იუპიტერის, მინერვას და იუნონას ტაძარი, შემდეგში თვით ამ ტაძარს ეწოდა კაპიტოლიუმი) შეფარა თავი. რადგან კაპიტოლიუმის იერიშით აღება გალებმა ვერ შეძლეს, ალყა შემოარტყეს მას.

„ერთ ღამეს გალების რაზმმა ფრთხილად იწყო ასვლა კაპიტოლიუმის ციცაბო ფერდობზე. გალები ისე ჩუმად მიიწევდნენ, რომ ვერავინ გაიგო მათი ასვლა. ერთმა გალმა სულ მაღლაც კი მოახერხა ასვლა, მაგრამ ამ დროს საშინელი ყიყინი ასტეხეს ბატებმა, რომლებიც ქალღმერთ იუნონას სადიდებლად იყვნენ შეწირულნი და ამიტომ კაპიტოლიუმის ტაძარში ჰყავდათ. მძინარე რომაელები წამოცვივდნენ და უფსკრულში გადაყარეს გალების მთელი რაზმი. აქედან წარმოსდგა თქმა: „ბატებმა რომი იხსნესო“ (ძველი მსოფლიოს ისტორია, გვ. 197-198).



ბახუსი - ღვინისა და სიმთვრალის ღმერთი

იტყვიან: ამა და ამ კაცს ბახუსი მორევიაო. ბერძენთა მითოლოგიით ბახუსი ღვინისა და სიმთვრალის ღმერთი იყო. „ბახუსი მორევიაო“ - დამთვრალაო ნიშნავს.



ბედის ვარსკვლავი - ძველ დროში, განსაკუთრებით შუა საუკუნეებში, გავრცელებული იყო ცრუმეცნიერება ასტროლოგია, რომელიც ვარსკვლავთა მდებარეობის მიხედვით „წინასწარმეტყველებდა“ მომავალი მოვლენების განვითარებას და ადამიანის ბედისწერას, მის ავსა და კარგს. ომის გამოცხადების ან სხვა დიდმნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის დროს მეფეებიც კი მიმართავდნენ ასტროლოგებს რჩევისათვის. აქედან ხალხშიც იყო გავრცელებული ცრურწმენა, რომ თითქოს ყველა იბადება ბედნიერ ან უბედურ ვარსკვლავზე და მით წინასწარ განისაზღვრება მისი მთელი ცხოვრების შინაარსი. ჩაქრება მისი ვარსკვლავი - თვითონაც კვდება ადამიანი.



ბოიკოტი - ეს სიტყვა ნიშნავს პირის შეკვრას ვინმეს ან რამეს წინააღმდეგ

სიტყვა „ბოიკოტი“ წარმოდგება გვარისაგან და პირველად ირლანდიაში იხმარეს. დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების კაპიტანი ჩარლზ კანინჰემ ბოიკოტი (1832-1897) ირალნდიის ერთ-ერთი საგრაფოს - მაიოს - განაგებდა. 1880 წელს ეცოტავა ირლანდიელი ფერმერების მიერ შემოძლეული მიწის საიჯარო თანხა და მეტი მოითხოვა. ამიტომ ადგილობრივმა მოსახლეობამ პირი შეკრა კაპიტნის წინააღმდეგ, მას მსახურებიც ჩამოშორდნენ, ხალხმა ნათესები გადაუთელა, რაც ებადა, ყველაფერი გაუნადგურა და გარესამყაროსაგან რომ მოეწყვიტა, მისთვის გაგზავნილ წერილებსაც აკავებდა. მხოლოდ სამხედრო ძალით შეძლეს ინგლისელებმა ბოიკოტის განთავისუფლება.

ირლანდიელები ამ ხერხს სხვების მიმართაც იყენებდნენ და ასეთ ქმედებას ბოიკოტი შეერქვა, რომელიც შემდეგ ზოგადი მნიშვნელობის სიტყვად იქცა.



გათიშე და იბატონე - (ლათ. Divide et impera!) - მმართველი წრეების ლოზუნგი ძველ რომში. დაპყრობილი ქვეყნების მოსახლეობაში განხეთქილების ჩამოგდების მიზნით რომის ხელისუფალნი ზოგიერთ ქალაქებს სამოქალაქო უფლებებს უტოვებდნენ და ეს ქალაქები რომის სახალხო საარჩევნო კრებებშიც მონაწილეობდნენ, ხოლო მოსახლეობის ნაწილი კი ასეთ უფლებებს მოკლებული იყო. ეს იწვევდა უთანხმოებას მოსახლეობაში, აღრევდა ერთიანობას და აადვილებდა რომის ბატონობას დაპყრობილ ოლქებზე. რომი თავის მოკავშირეებს შორისაც განხეთქილებისა და წასისინების პოლიტიკას ეწეოდა.

სხვადასხვა ტომების ხალხებს შორის ნაციონალური შუღლის გაღვივება და მით თავიანთი ბატონობის უზრუნველყოფა ჩვენს დროშიც ფართოდ გამოიყენება იმპერიალისტური ზრახვების მქონე სახელმწიფოთა მიერ.



განკითხვის დღე - ბიბლიური წარმოშობისაა და ხატოვნად ნიშნავს საყოველთაო გასამართლების ჟამს, რომელიც სახარების მიხედვით, უნდა დადგენს ქვეყნის დასასრულს. განკითხვის დღეს ქრისტე ჩამოვა დედამიწაზე, გადაარჩევს ადამიანებს, მადლის მქმნელთ სამოთხეში დაამკვიდრებს, ხოლო ცოდვილებს - ჯოჯოხეთში.



განტევების ვაცი - გადატანითი მნიშვნელობით განტევების ვაცს უწოდებენ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც სხვის ცოდვებს აკისრებენ და სხვების მიერ ჩადენილ დანაშაულისათვის აგებინებენ პასუხს

უძველეს დროში ებრაელებს ასეთი წესი ჰქონდათ: წელიწადში ერთხელ, საამისოდ დადგენილ დღეს, მთელი თემი შეიკრიბებოდა ველზე, მღვდელმსახური ჯერ ილოცებდა, მერე გამოიყვანდა ვაცს, დააკისრებდა მას მთელი წლის განმავლობაში ერის მიერ ჩადენილ ცოდვებს და მიუშვებდა ტყეში მგლების დასაგლეჯად.



გედის სიმღერა - უკანასკნელი წერილი, ნაწარმოები ან ქმედება

ძველი ბერძნების აზრით, გედი მხოლოდ სიკვდილის წინ მღერის.



გზის მანათობელი ვარსკვლავი - კეთილი მრჩეველი, გზის განმსაზღვრელი, გეზი მიმცემი

წინათ, როცა ჯერ კიდევ არ იყო გამოგონებული მიმართულების მსაზღვრელი თანამედროვე რთული ხელსაწყოები, მეზღვაურები და მოგზაურნი ვარსკვლავებზე დაკვირვებით იკვლევდნენ გზას ზღვაში თუ უდაბნოში.



დათვური სამსახური - ბრიყვულად განხორციელებული სამსახური, რომელსაც განზრახული სიკეთის ნაცვლად ზიანი და უსიამოვნება მოსდევს

გამოთქმა შემოღებულია ხმარებაში ი. კრილოვის იგავ-არაკის „დათვი და მეუდაბნოეს“ გამოქვეყნების შემდეგ (1808წ.).



დამოკლეს ხმალი - იხმარება მუდმივი საფრთხის აღსანიშნავად

დამოკლე იყო სირაკუზელი მეფე დიონისოს (ძვ.წ. IVს.) მეგობარი. იგი მეტად მლიქვნელი და მაამებელი გახლდათ და დიონისოს ხშირად ეუბნებოდა: შენ ყველაზე ბედნიერი კაცი ხარო. დიონისოს კი ძალიან ბევრი მტერი ჰყავდა.

ერთხელ მეფემ დამოკლე სადილზე თავის ადგილას დასვა, ხოლო წინასწარ ჭერზე ხმალი ჩამოჰკიდა იქ, სადაც დამოკლე იჯდა. ხმალი ცხენის ძუაზე ეკიდა. დამოკლე ბედნიერად გრძნობდა თავს, ვიდრე არ შეამჩნია ხმალი, რომელიც შეიძლებოდა ყოველ წუთს ჩამოვარდნილიყო. დამოკლე მიხვდა, რომ ადამიანი, რომელსაც მუდმივი საფრთხე ემუქრებოდა, ბედნიერი ვერ იქნებოდა.



დაფნის გვირგვინი - ძველად სწამდათ, რომ დაფნა კავშირში იყო წინასწარმეტყველებისა და პოეზიის სულთან. კისერზე დაფნის ფოთლების შემოხვევა შთამაგონებელი სულის მოწვევას ნიშნავდა.

დაფნის გვირგვინი ერთმანეთში წრიულად გადაწნულ დაფნის ტოტებს წარმოადგენს. ძველ საბერძნეთში დაფნის გვირგვინებით აჯილდოებდნენ ათლეტურ და ოლიმპიურ შეჯიბრებებში გამარჯვებულებს, ასევე პოეტებს. რომში ის სამხედრო გამარჯვების სიმბოლო იყო. დაფნის გვირგვინებს წარმატებულ მხედართმთავრებს ადგამდნენ ტრიუმფალური აღლუმების დროს.

დღესდღეობით დაფნა გამარჯვებისა და მშვიდობის სიმბოლოა.



„დეუს ექს მახინა“ - მოულოდნელი, ხელოვნური დაბრკოლება რაიმე მოვლენისა, საქმისა

ასეთ დაბოლოებას ლოგიკური კავშირი არა აქვს მოვლენის განვითარებასთან.

ანტიკურ დრამაში, უკანასკნელ მოქმედებაში, გამოჩნდებოდა რომელიმე ღვთაება და გადაწყვეტდა პიესაში წამოყენებულ საკითხს ან გმირთა ბედ-იღბალს.



დიოგენეს ფარანი - ხერხი ჭეშმარიტების ძებნისა, ამორალურ საზოგადოებაში კეთილშობილი ადამიანის ძებნისა

დიოგენე იყო ბერძენი ფილოსოფოსი (ცხოვრობდა ძვ.წ. 404-323წწ.). დღისით-მზისით ხელში ანთებული ფარანი ეჭირა და ქუჩაში ისე დადიოდა. როცა ეკითხებოდნენ, ფარანი დღისით რად გინთიაო, უპასუხებდა: ადამიანს ვეძებო.



დრაკონის კანონი/დრაკონული კანონი - მეტისმეტად მკაცრი კანონი

დრაკონი იყო ათენის პირველი კანონმდებელი, კანონების შემქმნელი (ძვ. წ. VIIს.). მან მეტისმეტად მკაცრი კანონები დააწესა. მაგალითად, მისი კანონით, ბოსტანში მწვანილის მოპარვისათვის ქურდი სიკვდილით ისჯებოდა.



დრო ფულია - გამოთქმა ეკუთვნის ამერიკელ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს ბენიამენ ფრანკლინს, რომელიც მან გამოიყენა 1748 წელს გამოცემულ წიგნში „რჩევა ახალგაზრდა ვაჭარს“.



დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით

გამოთქმა ეკუთვნის ცნობილ რომაელ მწერალს ოვიდუსს (ცხოვრობდა ძვ.წ. I საუკუნეში).



ეკივოკი - ორაზროვანი სიტყვა

ლათინურად ისეთ სიტყვას ნიშნავს, რომელსაც ორი აზრი აქვს. მე შენ ეკივოკებით ნუ მელაპარაკებიო, იტყვიან ხოლმე.



ეძიებდე და ჰპოვებდე! - ნიშნავს: თავი შეიწუხე, გაისარჯე, მოინდომე, ხელი გაანძრიე და მოიპოვებ სასურველს

ბიბლიური წარმოშობისაა. მათეს სახარებაში უფალი ხალხს მიმართვას: „ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ეძიებდის და ჰპოვოთ; ირეკდით და განგეღოს თქვენ. რამეთუ რომელი ითხოვდეს, მოიღოს; და რომელი ეძიებდეს, პოვოს; და რომელი ირეკდეს, განეღოს“ (მათე 7, 7-8).



ექსპრომტი - მოუმზადებლად, სახელდახელოდ, მაგრამ კარგად თქმული სიტყვა ან ლექსი.

ლათინური სიტყვაა და ნიშნავს მზას, სწრაფს. გამოთქმა პირველად იხმარა ციცერონმა (ძვ.წ. 106-43წწ.) შემდეგ იგი საყოველთაოდ გავრცელდა.



ეზოპური გამოთქმა - გადაკრულად თქმა, ორაზროვნად საუბარი

ეზოპე იყო მონა, ცხოვრობდა საბერძნეთში VI საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე, დატოვა შესანიშნავი იგავ-არაკები. მას, როგორც მონას, არ შეეძლო თავისი აზრი არსებულ წყობილებაზე პირდაპირ გამოეთქვა. ამიტომ გადაკრულად, ნართაულად გამოთქვამდა.



ევრიკა - ვიპოვე! მივაგენი! იტყვიან, როცა დიდხანს ეძებენ რასმე და იპოვიან, მოულოდნელად რთულ საკითხს გადაჭრიან, რთულ ამოცანას უცბად ამოხსნიან

ამ თქმას ძვ.წ. მესამე საუკუნის უდიდეს მათემატიკოსს - არქიმედეს - მიაწერენ, რომელიც საბერძნეთში (სირაკუზაში) ცხოვრობდა. რომაელი ინჟინერი ვიტრივიუსი მოგვითხრობს, რომ საბერძნეთის მეფე ჰიერონი დაეჭვებულა სასახლის ოქრომჭედლის პატიოსნებაში, რომელსაც ოქროს სამეფო გვირგვინის დამზადება ჰქონდა დავალებული. მეფეს ეჭვი ჰქონდა, ოსტატმა მეტი ვერცხლი და ნაკლები ოქრო იხმარაო. შენადნობის შედგენილობის გამორკვევა ჰიერონმა არქიმედეს მიანდო. გენიოსმა მათემატიკოსმა ბევრი იწვალა, მაგრამ ვერას გახდა. ერთხელ ის აბაზანაში იწვა. ბანაობის დროსაც დაკისრებული ამოცანის ამოხსნაზე ფიქრობდა. მოულოდნელად მას აზრმა გაუელვა ჰიდროსტატიკის ძირითადი კანონის შესახებ, რომლის თანახმად სითხეში ჩაძირული ყოველი სხეული კარგავს იმდენ სიმძიმეს, რამდენიც არის მის მიერ გამოდევნილი სითხე. ამ აზრმა არქიმედე აღტაცებაში მოიყვანა; ის ამოხტა აბაზანიდან და ტიტველი გაიქცა სახლში თავისი აზრის შესამოწმებლად. გარბოდა და თან გაიძახოდა: ევრიკა! ევრიკა!



ესკულაპი - ასე უწოდებენ ექიმებს ხუმრობით

ესკულაპი, რომაელთა მითოლოგიით, მკურნალობის ღვთაება იყო.



ვეტო - ვკრძალავ, უარს ვამბობ

ლათინური სიტყვაა (Veto - ვკრძალავ). რომაელ მმართველებს უფლება ჰქონდათ ამ სიტყვით შეეჩერებინათ ხალხის საწინააღმდეგო ესა თუ ის კანონი.



ვანდალი - განათლების მტერი, ტლანქი, უმეცარი

ვანდალები ჩვენი წელთაღრიცხვის V საუკუნეში დაეცნენ რომს, დაარბიეს ქალაქი და გაანადგურეს ხელოვნების უძვირფასესი ძეგლები. მათი სახელი იქცა სინონიმად კულტურის მტრისა.



თითით საჩვენებელი - სამაგალითო, საუკეთესო ადამიანი

ჰორაციუსი იტყოდა, მე რომ ქუჩაში მივდივარ, გამვლელ-გამომვლელნი ჩემზე თითით უჩვენებენო. ჰორაციუსი რომაელი პოეტია, ცხოვრობდა I საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

არის ცნობა, რომ თითით ჩვენებას თავისი წესი ჰქონდა. ასე, მაგალითად, შუა-თითით ჩვენება აგდება იყო კაცისა, სალოკი თითით კი - პატივისცემა. ჰორაციუსი გულისხმობს სალოკ თითს.



თეთრი ყორანი/თეთრი ყვავი - იშვიათი, განსაკუთრებული ადამიანი

გამოთქმა ეკუთვნის რომაელ პოეტს იუვენალს, რომელიც ცხოვრობდა პირველ საუკუნეში.



თუ მთა არ მიდის მუჰამედთან, მუჰამედი უნდა მივიდეს მთასთან - ხუმრობით იტყვიან დიდი, ცნობილი ვინმე რომ ეწვევა პატარა, უცნობ პიროვნებას

მუჰამედს ძლიერი ღვთაებრივი მადლის მქონე წინასწარმეტყველად მოჰქონდა თავი. მას მართლა სჯეროდა, რომ ალაჰისაგან მოწოდებული იყო შეექმნა ახალი რელიგია, რომლის ქადაგება მუჰამედმა 40 წლის ასაკში დაიწყო. თავისი დიდი მოწოდების საილუსტრაციოდ მან უბრძანა მთას მისულიყო მასთან. მთამ ყურადღება არ მიაქცია მუჰამედის ბრძანებას. რაკი დაინახა, რომ მთა ჯიუტობდა, თვითონ მუჰამედი მიუახლოვდა მას და წარმოთქვა: „როცა მთას არ სურს მივიდეს წინასწარმეტყველთან, მაშინ წინასწამეტყველი მიდის მთასთან“.



იცოცხლეთ! - კაცი რომ ცხვირს დააცემინებს, ეტყვიან: „იცოცხლეთ!“

ეს ჩვეულება ძველად გავრცელებული იყო ეგვიპტეში, მესოპოტამიაში, საბერძნეთში, რომში და სხვაგან.

ლეგენდის მიხედვით, პრომეთემ თიხისაგან გააკეთა კაცის ქანდაკება და შთაბერა ნაწილი იმ ცეცხლისა, რომელიც ზევსს მოსტაცა. ქანდაკებამ ცხვირი დააცემინა და გაცოცხლდა. პრომეთემ უთხრა: „იცოცხლე!“ ამის შემდეგ ადამიანებიც წარმოთქვამდნენ ამ სიტყვას ცხვირის დაცემინებისას, როგორც დალოცვას.

ერთი გადმოცემით, საფრანგეთსა და შვეიცარიაში XV საუკუნეში გავრცელებული იყო ერთგვარი ავადმყოფობა, რომელმაც ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. შეამჩნიეს, რომ თუ ვინმე ცხვირს დააცემინებდა, არ კვდებოდა. ამიტომ ამბობდნენ ცხვირის დაცემინებისას „იცოცხლეო!“



იანუსი - ორპირი და ცბიერი კაცი

იანუსი რომში იყო დროის ღვთაება და ორი პირი-სახე ჰქონდა. მის ქანდაკებას დგამდნენ ქალაქისა და სახლის შესასვლელ-გასასვლელში. ამ სახელისაგან წარმოდგა წელიწადის პირველი თვის სახელწოდება. რადგან იანუსი ორპირიანად გამოისახებოდა, ორპირ, ე.ი. სიტყვის გამტეხ, ფლიდ ადამიანსაც მისი სახელი უწოდეს.



იუდა - მოღალატე, გამცემი

იუდა იყო ქრისტეს მოწაფეთაგანი. მან გასცა ქრისტე.



იუდას ამბორი - მუხანათური საქციელი, რომელიც გარეგნულად მეგობრული ფორმითაა შენიღბული

იუდამ იესო ქრისტე ოცდაათ ვერცხლად გაყიდა (მათე 26, 48-49). იუდამ უთხრა ქრისტეს: „გიხაროდენ, მოძვარო!“ და ეამბორა მას. ეს იყო ნიშნანი, თუ ვინ უნდა დაეპატიმრებინათ.



ზოილი - უწოდებენ უსინდისო და ბოროტ კრიტიკოსს

ზოილი ცხოვრობდა საბერძნეთში ძვ.წ. VI საუკუნეში. იგი იყო ბოროტი და ღვარძლიანი, თუმცა გონებამახვილი კრიტიკოსი. დასცინოდა ჰომეროსსა და პლატონს. აქედან წარმოიშვა უსამართლო კრიტიკოსის ეს ზოგადი სახელი.



კართაგენი უნდა დაინგრეს - ამ გამოთქმას ხმარობენ იმ შემთხვევაში, როცა სურთ გამოხატონ რომელიმე საზოგადოებრივი ან სახელმწიფო მწვავე საკითხის გადაწყვეტის აუცილებლობა

ეს სიტყვები ეკუთვნის რომაელ სენატორს კატონ დიდს. კატონი კართაგენის დაუძინებელი მტერი იყო და ყოველ თავის სიტყვას ამ გამოთქმით ამთავრებდა.



კროსვორდი - ინგლისური ტერმინი, მსოფლიოს თითქმის ყველა ენაშია დამკვიდრებული და ნიშნავს „ჯვარედინი სიტყვების გამოცანას“

როგორ გაჩნდა ეს თამაში?

ერთხელ ინგლისის ქალაქ კამპშტატის ყველაზე დიდი გაზეთის მთავარმა რედაქტორმა საპატიმროდან წერილი მიიღო. კონვერტში კვადრატებით, ასოებითა და ციფრებით აჭრელებული ფურცელიც იდო. წერილი მოკლედ იუწყებოდა: „ძვირფასო ბატონო, ახალი გასართობი გამოვიგონე, ე.წ. სიტყვების გამოცანა, უფრო ზუსტად, ჯვარედინი სიტყვების გამოცანა და იქნებ თქვენს გაზეთში დაბეჭდოთ“.

რედაქტორს უნდობლად გაეცინა, წერილი ჯიბეში ჩაიდო და მალე მიივიწყა. ერთ მშვენიერ დღეს კი, როდესაც რამდენიმე მეგობართან ერთად კლუბში იჯდა, წერილი გაახსენდა და მათ უჩვენა.

რედაქტორის მეგობრები ფრიად დაინტერესდნენ პატიმრის ფრუცლით და მაშინვე შეუდგნენ მსოფლიოში პირველი კროსვორდის ამოხნას. კარგა ხნის ფიქრის შემდეგ პასუხს მიაგნეს და სიხარულით ცას ეწივნენ.

რედაქტორმა ახლა უკვე სხვა თვალით შეხედა პატიმრის საინტერესო გამოგონებას, მეორე დღესვე საპატიმროში მივიდა და კროსვორდის ავტორი ვიქტორ ორვილე ინახულა. თურმე ორვილე საგზაო ავარიის გამო რამდენიმე წელიწადი საპატიმროში იჯდა და დრო რომ მოეკლა და მოწყენილობისაგან თავი დაეღწია, ეს გასართობი გამოუგონებია. ხოლო ექიმს ურჩევია, კროსვორდი გაზეთის რედაქციაში გაეგზავნა.

ორვილეს ყველაზე დიდი გაზეთის მთავარმა რედაქტორმა ახალი კროსვორდები შეუკვეთა.

კამპშტატის გაზეთს სხვა ბევრმა ბეჭდვითმა ორგანომაც მიბაძა და კროსვორდების ეპიდემია მთელ მსოფლიოს მოედო.

ორვილე ამ გონებამახვილურ გასართობს დღედაღამ ადგენდა და რედაქციებიც დიდ საფასურს უხდიდნენ, რადგან მკითხველი კროსვორდიან გაზეთს უფრო ეტანებოდა.



ლაკონური გამოთქმა - მოკლედ, სხარტად აზრის გამოთქმა

ლაკონიის (ძველი საბერძნეთის ერთი ოლქის) მცხოვრებთ უყვარდათ მოკლედ ლაპარაკი. აქედან გაჩნდა გამოთქმა ლაკონური.



ლინჩის კანონი - თვითნებური გასამართლება

ჩრდილოეთ ამერიკის ერთი შტატის - კაროლინის მცხოვრებლებმა მმართველს ჯონ ლინჩს უფლება მისცეს თავისი შეხედულებისამებრ გაესამართლებინა კანონის დამრღვევი. ლინჩი ცხოვრობდა 1736-1796 წლებში. ჩრდილოეთ კაროლინის მცხოვრებნი ფიქრობდნენ, ამერიკის კანონები საკმაოდ სასტიკი არ არისო. ასე გაჩნდა ლინჩის კანონი, რომელიც არსებითად თვითნებური გასამართლებაა.



მე გრამატიკაზე მაღლა ვდგავარ - იტყვიან მეტად ყოყოჩა და უვიც ადამიანზე

რომის იმპერატორმა ტიბერიუსმა შეცდომით უცხო სიტყვა იხმარა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და ბრძანა: ამიერიდან ეს სიტყვა ლათინურად მიიჩნიეთო. ტიბერიუსს მისმა ერთმა დაახლოებულმა პირმა მარცელისმა უთხრა:

- მეფეო, შენ შეგიძლია ადამიანებს უბრძანო, სიტყვა კი მხოლოდ გრამატიკას ემორჩილება!

- მე გრამატიკაზე მაღლა ვდგავარ! - მიუგო ბრიყვმა იმპერატორმა.



ლოდი შებრკოლებისა - ნიშნავს ისეთ დაბრკოლებას, სიძნელეს, რომელსაც ადამიანი მოულოდნელად წააწყდება ხოლმე რაიმე საქმეში

გამოთქმა ბიბლიური წარმოშობისაა.



მათუსალა - იტყვიან ისეთ ადამიანზე, რომელმაც დიდი ხანი იცოცხლა

მათუსალა იყო ბიბლიური ადამიანი. მან 969 წელი იცოცხლა. დაბადებაში „შესაქმეს“ წიგნში წერია, რომ მათუსალა ცხონდა ცხრაას სამოცდაცხრა წელი და მოკვდა (თავი 5,28).



მადა ჭამაში მოდის

საფრანგეთის მეფეს კარლოს IX ჰყავდა მასწავლებელი ხუცესი ამიო. ხუცესმა მეფეს ეპისკოპოსობა თხოვა. მეფემ მისცა. ცოტა ხნის შემდეგ ამიომ მეფეს უკეთესი ადგილი თხოვა. მეფემ ახლაც შეუსრულა სურვილი, მაგრამ მოაგონა - აკი წინათ ხუცესის ადგილსაც სჯერდებოდიო?

- მადა ჭამაში მოდის, - უპასუხა ამიომ.

ასე წარმოიშვა ეს გამოთქმა.



მგელი ცხვრის ტყავში - იგულისხმება პირმოთნე, ორპირი, ცბიერი ადამიანი, რომელიც სათნოების ნიღბის ქვეშ თავის ცუდ განზრახვებს ფარავს.

გამოთქმა სახარებისეულია. უფალი იესო ქრისტე ხალხს აფრთხილებს: „ერიდეთ ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც მოდიან თქვენთან ცხვრის სამოსით, ხოლო შინაგანად არიან მტაცებელი მგლები“ (მათე 7, 15).



მე მხოლო ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი - გამოთქმა ეკუთვნის ბერძენ ფილოსოფოსს სოკრატეს (ძვ.წ. 469-399წწ.). ამგვარად იგი ცდილობდა აღეძრა ხალხში ცოდნისადმი სიყვარული.



მეხუთე კოლონა - ამ თქმაში იგულისხმება ვერაგობა, ღალატი, იგულისხმებიან სამშობლოს გამცემლები და მშობლიური ხალხის მოღალატეები, უცხო სახელმწიფოს ჯაშუშები. ხმარებაში შემოღებულია 1936 წლიდან.

1936 წლის 18 ივლისს ესპანეთში იფეთქა ფაშიტურმა აჯანყებამ. ამბოხების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, გენერალი მოლა ოთხი კოლონით უტევდა სხვადასხვა მხრიდან ესპანეთის დედაქალაქ მადრიდს. მადრიდზე შეტევის დროს გენერალმა მოლამ განაცხადა, მეხუთე კოლონა შიგ მადრიდში მყავსო. მოლას მხედველობაში ჰყავდა ქალაქში ფარულად მოქმედი ჯაშუშები და დივერსანტები.



მეცენატი - ქველმოქმედი, რომელიც ეხმარება მწერლებს, მხატვრებს, საერთოდ ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეებს

მეცენატი გვარია მდიდარი რომაელისა (ცხოვრობდა ახ.წ. I საუკუნეში), რომელიც ეხმარებოდა მაშინდელ მწერლებს, პოეტებს. იგი დიდად დაეხმარა ცნობილ პოეტებს - ჰორაციუსს და ვერგილიუსს.



მოჯადოებული წრე - გამოუვალი მდგომარეობა



მრგვალი მაგიდა - დიპლომატების ენაზე სიმბოლურად ნიშნავს თანასწორუფლებიანობას. მრგვალი მაგიდის სიმბოლური მნიშვნელობა ისაა, რომ მას არ გააჩნია თავი, ბოლო, კიდე, ე.ი. ერთიმეორისგან განსხვავებული ნაწილები და, ამრიგად, მის ირგვლივ მსხდომ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს ტოლუფლებიანი ადგილი უკავიათ.



მშვიდობის მტრედი

მტრედი მშვიდი ფრინველია.

დაბადებაში წერია (შესაქმე 8, 9-10), რომ წარღვნის შემდეგ ნოეს კიდობანი შეჩერდა არარატის მთაზე. ნოემ კიდობნიდან მტრედი გამოუშვა, რომ მტრედს ენახა, შეიძლებოდა თუ არა ქვეყანაზე ცხოვრება. მტრედმა ნოეს ზეთისხილის რტო მოუტანა მეორედ გამოშვების შემდეგ. ნოე მიხვდა, რომ წყალი წავიდა და გაჩნდა მიწა, რომ შეიძლება მშვიდობიანი ცხოვრება.

ამის შემდეგ მტრედი იქცა მშვიდობის ემბლემად.



ნიანგის ცრემლი - ყალბი, ფარისევლური ლაპარაკი ან ცრემლის ღვრა თავის გასამართლებლად

ძველი ბერძნების აზრით, ნიანგი რომ მსხვერპლის ჭამას იწყებს, ცრემლს ღვრის, თითქოს იგი ებრალება.



ორი ბატონის მსახური - ორპირი, ფლიდი ადამიანი, რომელიც პირადი სარგებლობისათვის მზადაა ყველას აამოს

გამოთქმა მოდის სახარებიდან, სადაც ნათქვამია: „ვერვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად“ (მათე 6, 24).



ოცდაათი ვერცხლი - ეს თქმა ნიშნავს ღალატსა და გამცემლობაში აღებულ სასყიდელს

გამოთქმა მოდის სახარებისეული ისტორიიდან: ქრისტეს გაცემაში მისმა მოციქულმა იუდამ ოცდაათი ვერცხლი მიიღო.



ოქროს შუალედი - გამოთქმას მიმართავენ ისეთ შემთხვევაში, როცა სურთ გამოხატონ ზომიერი მოქმედება ან საქციელი და გაურბიან უკიდურესობას

ხმარებაში შემოიღო რომაელთა პოეტმა ჰორაციუსმა (ცხოვრობდა I საუკუნეში) და დამკვიდრდა მსოფლიო ლიტერატურაში.



ოქროს ხანა - ბედნიერი დრო, ეპოქა. უდარდელი ცხოვრება

რომაელ პოეტს ოვიდიუსს (დაიბადა ძვ.წ. 43 წელს და გარდაიცვალა ახ.წ. 17 წელს) აღწერილი აქვს თავის „მეტამორფოზებში“ ბედნიერი ხანა, როცა ადამიანები უზრუნველად ცხოვრობდნენ.

გამოთქმას ხმარომენ როგორც სახელმწიფოს და საზოგადოების, ისე კერძო ადამიანის შესაბამის შემთხვევაში.



პანიკური შიში - მოულოდნელი და განსაკუთრებით ძლიერი შიში

ბერძნულ მითოლოგიაში უამრავ ღმერთებს შორის ტყის, ჯოგისა და მწყემსების ღმერთიც იყო. მას თხის ფეხები და რქები ჰქონდა. დაბადებიდანვე სიცილი და ხტუნაობა იწყო. მამამისმა, ღმერთმა ჰერმესმა ოლიმპოს ღმერთებს წარუდგინა ახალდაბადებული. მის დანახვაზე ოლიმპოს მბრძანებლებმა ბევრი იცინეს. რადგანაც თხისფეხებიანმა პატარამ ყველა ღმერთი გააცინა ოლიმპოზე, მას პანი დაარქვეს, რაც ბერძნულად ნიშნავს „ყველა“. თან ტყის ჯოგებისა და მწყემსების მფარველობა დააკისრეს. პანს ისეთი ხმა ჰქონდა, რომ აშინებდა ტყეში ადამიანებს. ათენის აკროპოლისში პანს მღვიმე ჰქონდა მიძღვნილი, ნიშნად სპარსთა ჯარების დამარცხებისა: მითის მიხედვით, პანმა თავისი საშინელი ხმით შიშის ზარი დასცა შემოსეულ სპარსელებს. აქედან მომდინარეობს გავრცელებული გამოთქმა: პანიკური შიში, ანუ პანიური შიში.



პარადოქსი - (ბერძნული paradoxos) არაჩვეულებრივი, მოულოდნელი უცნაური

აზრი, მსჯელობა, რომელიც მკვეთრად განსხვავდება საყოველთაოდ აღიარებულისგან, ეწინააღმდეგება საღ აზრს (ზოგჯერ მხოლოდ ერთი შეხედვით).



პასკვილი - საგინებელი ნაწარმოები, რომლის მიზანია ვინმეს გინება, ცილისწამება, დაცინვა

ჩვეულებრივ, ასეთი ნაწარმოები ანონიმურია.

XVI საუკუნეში რომში ცხოვრობდა გონებამახვილი ხარაზი პასკინო. პასკინოს უყვარდა დიდკაცების გამასხარავება და დიდის გონებამახვილობით დასცინოდა მათ. გამოთქმაც პასკინოს სახელისაგან წარმოიშვა.



პროფანი - კაცი, რომელსაც ამა თუ იმ საქმისა არა ესმის რა

გამოთქმა ეკუთვნის ცნობილ რომაელ მწერალს ვერგილიუსს. რომში პროფანს უწოდებდნენ საერო პირს, რომელსაც სასულიერო საქმეებისა არაფერი გაეგებოდა. დროთა განმავლობაში ამ სიტყვამ ზოგადი მნიშვნელობა შეიძინა.



პიროსის გამარჯვება - გამარჯვება დიდი მსხვერპლის ფასად

ეპირის მეფე პიროსმა ახ.წ. 279 წელს რომაელები დაამარცხა, მაგრამ დიდძალი ჯარი დაკარგა. „კიდევ ერთი ასეთი გამარჯვება და ჩვენ დავიღუპებით!“ - წამოიძახა პიროსმა.



რაც მაქვს, თან დამაქვს - ბერძენი ფილოსოფოსის ბაიასის სიტყვებია

ძვ.წ. VI საუკუნეში სპარსელები დაეცნენ საბერძნეთს და მრავალი ქალაქი ააოხრეს. ერთ-ერთი ქალაქიდან ყველანი გაიქცნენ თავიანთი ავლადიდებით, ბაიასი კი ცარიელი გავიდა ქალაქიდან. როცა მას ჰკითხეს, რატომ არაფერი მიგაქვსო, უპასუხა:

„რაც მაქვს, თან დამაქვსო“.

აზრი ის არის, რომ ფულისა და სიმდიდრის შოვნაც შეიძლება და დაკარგვაც, ხოლო ცოდნა და ჭკუა მათზე ძვირფასია და არ დაეკარგება ადამიანს.



სავლე პავლედ იქცა - ისეთ კაცზე იტყვიან, რომელიც უცბად ერთის ხელის დაკვრით გამოიცვლის რწმენას

მოციქულთა საქმის მიხედვით, სავლე მდიდარი კაცი და ქრისტიანობის სასტიკი მტერი იყო. ერთხელ სავლე გზად მიდიოდა, უცებ ქრისტეს ხმა მოესმა: „სავლე, სავლე, რად მდევნიო?“ სავლემ მაშინვე ირწმუნა ქრისტე, გახდა ქრისტიანთა მფარველი და მოციქული და იწოდა პავლედ (პავლე ქართულად უმცირესს ნიშნავს.



სხვის თვალში ბეწვსა ხედავ, ხოლო შენსაში დვირეს არა? - ისეთ ადამიანს ეტყვიან, რომელიც თავის დიდ შეცდომას ვერ ამჩნევს, სხვისას კი მცირედსაც შენიშნავს და დატუქსავს ხოლმე

გამოთქმა გავრცელდა სახარებიდან, სადაც ასე წერია: „ანუ რასა ხედავ წველსა თვალსა შინა ძმისა შენისასა, და დვირესა თვალსა შინა შენსა არა განიცდი?“ (ლუკა 6, 41).



სახელმწიფო სახელმწიფოში - ხმარობენ ადამიანების ცალკე წრისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც არ ემორჩილებიან სახელმწიფოში მოქმედ კანონებს და თვითნებურად მოღვაწეობენ საკუთარი წესების მიხედვით.



სიცილით მოკვდა

კუნძულ სარდინიაზე ხარობდა ერთგვარი ბალახი. ვინც ამ ბალახს შეჭამდა, ხანგრძლივი სიცილი აუვარდებოდა, შემდეგ თავს ვერ შეიკავებდა და კვდებოდა სიცილით. ასე წარმოიშვა ეს გამოთქმა.



საკუთარი აჩრდილისა ეშინია - იტყვიან მეტად გაუბედავ ადამიანზე

გამოთქმა ეკუთვნის ცნობილ რომაელ მწერალსა და ორატორს ციცერონს (ძვ.წ. 106-43წწ.).



სუფთა დაფა/დაუწერელი დაფა - იტყვიან მეტად სუფთა და უმწიკვლო ბუნების ადამიანზე, რომელშიც არ არის არანაირი ზაკვა, ეშმაკობა.



ტალანტის ჩამარხვა მიწაში - დაუდევარი დამოკიდებულება საკუთარი ნიჭისადმი

გამოთქმა მომდინარეობს სახარებიდან. უფალი ამბობს ასეთ იგავს: კაცმა თავის მონებს მისცა ერთს 5, მეორეს 2 და მესამე 1 ტალანტი, და წავიდა. დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა და მოიკითხა, ვინ რა გააკეთა მიცემული ფულით. პირველმა მონამ უთხრა 5 ტალანტს 5 ტალანტი მოვაგებინეო. მეორე მონამ უთხრა 2 ტალანტს 2 ტალანტი მოვაგებინეო. ბატონმა მოუწონა მონებს საქციელი. მესამე მონამ უთხრა ბატონს: ვიცოდი, რომ ფიცხი კაცი ხარ. იქ მკი, სადაც არ დაგითესია. ამიტომ შემეშინდა და შენი ტალანტი მიწაში ჩავფალიო. ბატონი განრისხდა და დასაჯა დაუდევარი მონა.



ტროას ცხენი (იგივე დანაელების ძღვენი) - ძღვენი, საჩუქარი, რომელშიაც იფარება მტრული ზრახვები, ღალატი, საფრთხე, უბედურება

აგროსელ ბერძნებს დანაელებს ეძახდნენ. ტროის ომში ბერძენთა ლაშქარს არგოსის მეფე აგამენონი მეთაურობდა. როცა დანაელებმა აქილევსის დაღუპვის შემდეგ იარაღით ტროის აღების იმედი დაკარგეს, სამხედრო ხერხს მიმართეს: დაამზადეს ხის უზარმაზარი ცხენი, შიგ ფარულად რჩეული ვაჟკაცები ჩასხეს, ტროელების თვალის ასახვევად ქალაქს ალყა მოხსნეს, ჩასხდნენ გემებში და მახლობელ კუნძულზე გავიდნენ. ტროელები ეჭვმა შეიპყრო, მაგრამ განგებ მიგზავნილი ბერძენი სინონი ცბიერებით არწმუნებდა მათ, დანაელებმა ალყა ნამდვილად მოხსნესო. ტროელებმა ხის ცხენი შეაგორეს ქალაქში და ღამით ძილს მიეცნენ. სინონმა წინასწარ დათქმული სიგნალი - ცეცხლის ალი რომ დაინახა კუნძულზე, გააღო ცხენში დატანებული ფარული კარები, გამოიყვანა იქიდან მეომრები, გაუღეს ქალაქის ჭიშკარი კუნძულიდან დაბრუნებულ დანაელებს და მუსრი გაავლეს ტროას.



უკანასკნელი მოჰიკანი - რომელიმე პარტიის, გვარის, დაჯგუფების ან სხვა ამგვარის უკანასკნელი წარმომადგენელი

ცნობილმა მწერალმა ფენიმორ კუპერმა (1789-1851) დაწერა რომანი „უკანასკნელი მოჰიკანი“. მოჰიკანები ინდიელთა ერთ-ერთი ტომი იყო ამერიკაში. ეს ტომი ამოწყვიტეს ევროპელებმა. თავის რომანში ფენიმორ კუპერი მოჰიკანთა ტომის უკანასკნელ წარმომადგენელს აღგვიწერს. რომანი ფართოდაა გავრცელებული მთელს მსოფლიოში და ამ რომანიდან წარმოიშვა ეს გამოთქმაც.



ფარისეველი - ორპირი, ფლიდი ადამიანი

ფარისევლები რელიგიურ სექტას წარმოადგენდნენ ძველ ურიასტანში. ისინი მთავარ ყურადღებას რელიგიის გარეგან, ფორმალურ მხარეს აქცევდნენ და არა ადამიანის შინაგან, გულწრფელ განცდებსა და რწმენას.



ფენიქსი - მარადიული განახლებისა და უკვდავების სიმბოლო

ეგვიპტელების რწმენით ფენიქსი იყო ფრინველი, რომელიც 500 წელიწადში ერთხელ კვდებოდა და ისევ ცოცხლდებოდა. ეგვიპტურ მითოლოგიაში ნათქვამია, რომ სიკვდილის მოახლოებისას ფენიქსი ცეცხლში ჩავარდებოდა, თავს დაიწვავდა და თავისივე ფერფლიდან კვლავ აღსდგებოდა.



ფიასკო. ფიასკოს განცდა - სრული წარუმატებლობა, მარცხი

იტალიურად ფიასკო ბოთლს ნიშნავს. არსებობს თქმულება, რომ ფლორენციელი არტისტი არლეკინ ბიანკონელი როცა სცენაზე გამოდიოდა, მუდამ რაიმე ნივთი ეჭირა ხელში და ამ ნივთის გამო ნათქვამ მოსწრებული ოხუნჯობით აცინებდა მაყურებლებს. ერთხელ არტისტი ბოთლით გამოვიდა სცენაზე. მან მოსწრებული სიტყვებით ჩამოაგდო საუბარი ბოთლზე, მაგრამ სასურველ ეფექტს ვერ მიაღწია - ხალხი დუმილით შეხვდა მის ოხუნჯობას. არტისტმა დაინახა, რომ მან ამჯერად მარცხი განიცადა, გადაისროლა ზურგს უკან ბოთლი და მიაძახა, ყველაფერი შენი ბრალიაო. მაყურებელმა ხარხარი ატეხა. ამის შემდეგ არის შემოღებული ხმარებაში ეს გამოთქმა სრული წარუმატებლობისა და მარცხის განცდის მნიშვნელობით.



ქამელეონი - მერყევი და უპრინციპო კაცი, რომელიც ყოველგვარ მდგომარეობას ეგუება ანგარების მიზნით.

ქამელეონი ერთგვარი ხვლიკია. ცხოვრობს უმთავრესად აფრიკაში. იგი ადგილმდებარეობის მიხედვით ფერს იცვლის, რომ თავი დაიცვას.

ქამელეონის ამ თვისებიდან წარმოიშვა ეს გამოთქმა.



ქაოსი - უთავბოლობა, არეულობა

ბერძნულ მითოლოგიაში უსასრულო სივრცე, ბნელით მოცული უფსკრული, სამყაროს მატერიალური ელემენტების უწესრიგო გროვა.



ქარის წისქვილები - მოჩვენებითი წინააღმდეგობანი

დონკიხოტს ქარის წისქვილები თავის წინააღმდეგ ამხედრებულ გოლიათად მოეჩვენა, მოიმარჯვა იარაღი და ეკვეთა საომრად.

ამ გამოთქმით ახასიათებენ ისეთ ადამიანს, რომელიც მის მიერვე შეთხზულ წინააღმდეგობას ებრძვის.



ქვანიც ღაღადებენ - ამ გამოთქმას ხმარობენ ისეთი შემაძრწუნებელი ფაქტის აღსანიშნავად, რომელსაც აღშფოთებაში მოჰყავს არამცთუ გონიერი არსება - ადამიანი, არამედ ქვაც.

გამოთქმა მომდინარეობს სახარებიდან. ლუკას სახარების მიხედვით, ზეთისხილის მთიდან ჩამოსვლისას ქრისტეს დაუწყეს დიდება და ქება ფრიადი. ფარისეველთა უთხრეს ქრისტეს, არ მიეცა ხალხისთვის ამის ნება. მაშინ ქრისტემ უპასუხა მათ: „დაღათუ ესენი სდუმდნენ, ქვანი ღაღადებდენვე“ (ლუკა 19, 40), ე.ი. ესენი რომ დადუმდნენ, ქვები ამეტყველდებიანო.



ქვა ქვაზე არ დარჩება - მოსპობა, განადგურება რისამე

გამოთმა მოდის სახარებიდან (მათე 24, 2). მოწაფეებმა ქრისტეს აჩვენეს დიდებული ტაძარი იერუსალიმისა. ქრისტემ უწინასწარმეტყველა მათ: „ამინ გეტყვით თქვენ: არა დაშთეს აქა ქვა ქვასა ზედა, რომელი არა დაირღვეს“. მოგვიანებით, ისრაელში მოხდა დიდი აჯანყება, რომელიც რომაელებმა სასტიკად ჩაახშვეს. სწორედ მაშინ სრულიად განადგურდა ეს ტაძარი.



ქიმერა - არარსებული, წარმოუდგენელი, შეუსრულებელი ოცნება.

ეს გამოთქმა ამჟამად ფუჭი, უნაყოფო ოცნების გამოსახატავად იხმარება.



ღვთისა ღმერთსა და კეისრისა კეისარსა - ერთხელ ფარისევლებმა კაცები მიაგზავნეს იესო ქრისტესთან სიტყვაში მოსანადირებლად და ჰკითხეს, დასაშვებია თუ არა კეისრისათვის გადასახადის გადახდაო. თუ ქრისტე უპასუხებდა დასაშვებიაო, ისინი ხალხს განაწყობდნენ მის წინააღმდეგ, რადგან ებრაელებისათვის საძულველი იყო რომაელთა ბატონობა, ხოლო თუ ქრისტე იტყოდა არ არის დასაშვებიო, ისინი მას რომაელ მმართველთან უჩივლებდნენ, როგორც მეამბოხესა და ხალხის რომაელთა წინააღმდეგ აღმძვრელს. იცოდა რა ფარისეველთა ორგულების შესახებ, ქრისტემ მოითხოვა დრაჰკანი (ფულის ერთეული) და იკითხა: ვინ ახატია ამ მონეტასო, კეისარიო, მიუგეს ფარისევლებმა. მაშინ ქრისტემ მიუგო: მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა ღმერთსაო. ფარისევლებმა ვეღარაფერი თქვეს და წავიდნენ.



ყველა გზა რომში მიდის - თქმულება, რომელიც იმას გულისხმობს, რომ მრავალ საშუალებიდან თვითოეულს ცალკე აღებულს ერთი და იმავე მიზნისაკენ მივყავართ.

რომის იმპერიის სტატუსი დამოკიდებული იყო რომის არმიაზე, რომელიც ერთ მილიონამდე ჯარისკაცს ითვლიდა. რომაელ ჯარისკაცებს სწრაფი გადაადგილება სჭირდებოდათ, რისთვისაც რომაელებმა საგანგებო გზების სისტემა შექმნეს. რომში მიმავალი გზები გაფართოვდა და მოიკირწყლა, აღიჭურვა სპეციალური სადრენაჟო სისტემით, რაც ჯარს მოძრაობას უადვილებდა წვიმიან ამინდშიც კი. ამ გზებით ბრძოლებიდან დაბრუნებულ რომაელ ჯარისკაცებს დიდი სიმდიდრე მოჰქონდათ და მრავალი ტყვე მოჰყავდათ ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან. გარდა ამისა, გზებზე მოთავსებული იყო ნიშნულები, რომლებზეც მოცემული იყო მანძილი რომამდე. ყოველივე ამის გამო ამბობდნენ, „ყველა გზა რომში მიდისო“. დროთა განმავლობაში გამოთქმამ ზემოთ მოცემული მნიშვნელობა შეიძინა.



ყვითელი პრესა - ამ გამოთქმაში იგულისხმება უპრინციპო, ზნეობრივ საფუძველს მოკლებული ჟურნალ-გაზეთები

1895 წელს ამერიკელმა მხატვარმა რიჩარდ უოტკოლტმა ნიუ-იორკის გაზეთის „უორლდის“ ფურცლებზე გამოაქვეყნა სურათების სერია საოხუნჯო ტექსტების დართვით. სურათებზე ყვითელპერანგა ბიჭუნა იყო დახატული, რომელიც მოუთხრობდა მკითხველს თითოეულ სურათზე დართულ ტექსტის შინაარსს. უოტკოლტის ამ წამოწყებამ მდარეხარისხოვანი სენსაციების მოყვარული მკითხველების მოწონება დაიმსახურა. მალე მეორე გაზეთმა „ნიუ-იორკ ჟურნალმაც“ გამოაქვეყნა მსგავსი სურათები გასართობი წარწერებით. ამ გაზეთებს შორის ატყდა დავა, თუ ვის ეკუთვნოდა პირველობა „ყვითელი ბიჭუნას“ გამოქვეყნებაში. ამ დავას 1896 წელს სტატიით გამოეხმაურა ჟურნალ „ნიუ-იორკ პრესის“ რედაქტორი ერვინ უორდმენი, რომელმაც მოცილე გაზეთებს ყვითელი პრესა უწოდა.



შავით თეთრზე - ამ საყოველთაოდ ხმარებულ ფრაზაში იგულისხმება შავი მელნით ან საღებავით თეთრ ქაღალდზე დაწერილ-დაბეჭდილი, ხატოვნად კი ეს გამოთქმა ნიშნავს ფაქტის უეჭველობას, სიაშკარავეს.



შეიცან თავი შენი! - ასეთი წარწერა ჰქონდა ძველად აპოლონის ტაძრის შესასვლელს დელფოსში. ამ ფორმულის დედაარსი ედო საფუძვლად სოკრატეს (ძვ.წ. V ს.) ფილოსოფიურ მოძღვრებას.



შიოს მარანი - ულეველი სიმდიდრისა და უხვი დოვლათის სინონიმია

მცხეთის რაიონში სოფ. ძეგვის პირდაპირ მდ. მტკვრის გაღმა მთებში შიო მღვიმის მონასტერი მდებარეობს. იგი წმინდა შიომ დააარსა VI საუკუნეში. მონასტერს ჰქონდა მარანი და გულუხვი ბერი ღვინით უმასპინძლდებოდა მლოცველებს. გადმოცემით, ქვევრებში ღვინო ულეველი იყო, რადგან დღის განმავლობაში დანაკლულებული ქვევრები დილით ზენაარის მადლით პირთამდე სავსე ხვდებოდა წმინდა ბერს.



შარლატანი - მატყუარა, გაიძვერა

პარიზში ცხოვრობდა ექიმი ლატანი. იგი წამლებით სავსე ეტლით ქუჩა-ქუჩა დადიოდა ხოლმე და წამლებს ყიდდა. ხალხს უყვარდა ექიმი ლატანი და მისი ეტლის დანახვაზე ყვიროდნენ: აი, შარ (ეტლი) ლატანისა...

შემდეგ ასეთი ეტლებით სხვებმაც დაიწყეს ქუჩა-ქუჩა სიარული და წამლების გაყიდვა. მათ უნდოდათ, ბევრი წამალი გაესაღებინათ და ამისთვის ლატანის სახელით ესარგებლათ. ამიტომაც თვითონ გაიძახოდნენ: „აი, შარ (ეტლი) ლატანისაო“, რითაც ხალხს ატყუებდნენ. ამის გამო ამ მატყუარებს შარლატანი შეერქვათ. პარიზიდან კი ეს სიტყვები მთელ მსოფლიოს მოედო.



შოვინიზმი - წრეს გადასული ნაციონალიზმი

ნაპოლეონის არმიაში იყო ერთი ვეტერანი, გვარად შოვენი. როდესაც საფრანგეთში ნაპოლეონის სიკვდილის ამბავი მოვიდა, შოვენმა არ დაიჯერა და დარწმუნებით ამბობდა: შეუძლებელია მისი სიკვდილიო.

ამის შემდეგ თავისი ქვეყნის გადაჭარბებით და ბრმა სიყვარულს შოვინიზმი ეწოდება.



შუბლზე ხომ არ აწერია - ძველების აზრით ადამიანს ბედი შუბლზე ეწერა

ეს გამოთქმა მწერლობაში ციცერონმა შემოიღო.



ცერბერი - ერთგული, მაგრამ ავი დარაჯი

ბერძენთა მითოლოგიით ჯოჯოხეთის კარებს დარაჯობდა საშინელი, სამთავიანი, ავი ძაღლი ცერბერი, რომ ჯოჯოხეთიდან სულები არ გამოპარულიყვნენ.

გადატანითი მნიშვნელობით ამჟამად ამ გამოთქმას ერთგული, შეუბრალებელი დარაჯის, რომელიმე საქმის დამცველის მიმართ ხმარობენ.



ცილობის ვაშლი - ჩხუბისა და დავის საგანი

ბერძნულ მითოლოგიაში ნათქვამია, რომ ერისი ჩხუბისთავი იყო და ქორწილში არ დაპატიჟეს. მაშინ ერისმა აიღო ვაშლი, ზედ წააწერა: „ყველაზე ლამაზს“ და სტუმრებს შორის ჩააგდო. ქალებმა ერთი ჩხუბი და დავიდარაბა ატეხეს, არა მე ვარ ყველაზე ლამაზი და არა მეო. ქალების ცილობის გამო ქორწილი ჩაიშალა.



წახვალ - ინანებ, არ წახვალ - მაინც ინანებ - ნიშნავს: ორ შესაძლებლობათა შორის ორივე საზიანოა



წითელი ძაფივით გასდევს - რომელიმე ნაწარმოების მთავარი იდეა, აზრი ან ტენდენცია

ინგლისის საიალქნო ფლოტში ყველა თოკში გრეხდნენ წითელ ძაფს. ამ ძაფის ამოღება არ შეიძლებოდა, ისე იყო ჩაგრეხილი თოკში. თუ ამოიღებდი, მთელი თოკი დაიშლებოდა. ამრიგად, თოკის პატარა ნაჭრითაც კი ცნობდნენ, რომ იგი ინგლისის ფლოტს ეკუთვნოდა.



ხელების დაბანა - რომელიმე საქმეზე ხელის აღება, ანუ უარის თქმა, ან ნეიტრალობა, განდგომა, პასუხისმგებლობის აცილება თავიდან

გამოთქმა ასე წარმოიშვა: ძველად ჩვეულება იყო, რომ მომჩივანთ სამსჯავროს წინაშე ზღვის ან მარილიანი წყლით ხელი უნდა დაებანათ, ესაო და ამ საქმეში მართალი ვარო.

დროთა განმავლობაში გამოთქმამ დღევანდელი აზრი მიიღო.



ხელი ხელს ბანს - იტყვიან, როცა ორი კაცი საეჭვო საქმეში ერთმანეთს ეხმარება

გამოთქმა ეკუთვნის ცნობილ რომაელ ფილოსოფოსს სენეკას (დაიბადა ძვ.წ. 4 წელს და გარდაიცვალა ახ.წ. 65 წელს).



ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა - ნიშნავს უყურადღებოდ და უშედეგოდ დატოვებულ ვინმესადმი მიმართვას, მოწოდებას, მოხმობას, ძახილს

ამ გამოთქმას სახარებაში ვხვდებით. როდესაც იოანე ნათლისმცემელს ფარისევლებმა ჰკითხეს, ვინ ხარო შენ, მან მიუგო: „მე – ხმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი, ვითარცა თქუა ესაია წინაწარმეტყუელმან“ (იოანე 1, 23).



ჯვარცმა - ამ სიტყვას ხმარობენ ადამიანის სულიერი ტანჯვა-წამების აღსანიშნავად

უძველეს დროში სიკვდილით დასჯის ერთ-ერთი სახე იყო სიკვდილმისჯილის ხის ჯვარზე მილურსმვა. სახარებიდან ვიცით, რომ იესო ქრისტეც ჯვარზე აცვეს გოლგოთას მთაზე.



ჰანიბალის ფიცი - ფიცი სამუდამო სიძულვილზე, შურისძიებაზე და შეურიგებელ ბრძოლაზე

ჰანიბალი სახელოვანი კართაგენელი სარდალი იყო. ცხოვრობდა 247-183 წლებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

ჰამილკარმა, ჰანიბალის მამამ, 9 წლის შვილი ტაძარში მიიყვანა, სადაც საღმრთო ცეცხლი ენთო. ხელი ცეცხლზე გააჩერებინა და ფიცი დაადებინა, რომ რომის სამუდამო მტერი იქნებოდა. პატარა ჰანიბალმა ვაჟკაცურად აიტანა ტკივილი და შეფიცა მამას. ჰანიბალმა თავისი ფიცი მართლა შეასრულა. იგი დაუძინებელი მტერი იყო რომისა, მუდამ ებრძოდა მას და კინაღამ დაამხო.

აქედან ეწოდა მუდმივი სიძულვილის ფიცს ჰანიბალის ფიცი.



ჰულიგანი/ხულიგანი - ქუჩის ავარა, გამოუსწორებელი უწესო, უსაქციელო, უხამსი, უშვერი

მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობდა ერთი ოჯახი, გვარად ჰულიგანი, რომლის წევრები ცნობილი იყვნენ, როგორც გამოუსწორებელი უწესონი, უსაქციელონი, უხამსნი, უშვერნი, და ეს გვარი ნელ-ნელა ასეთი ზნის ადამიანების საზოგადო სახელად იქცა.

ამ გვარის გადაქცევამ საზოგადო სახელად ხელი შეუწყო იმან, რომ ჰულიგანის ოჯახის შესახებ შეითხზა სახუმარო სიმღერა, რომელიც „კომიკურად“ აღწერდა მათ „ვაჟკაცობას“. სიმღერას ხალხურ საესტრადო თეატრში ასრულებდნენ და ამრიგად მრავალი ადამიანის ცნობიერებაში ჰულიგანი მკვიდრდებოდა, როგორც ქუჩის ავარას აღმნიშვნელი სიტყვა. შემდეგ ინგლისურიდან ეს სიტყვა ამავე მნიშვნელობით გადავიდა სხვა ენებში.

გამოყენებული ლიტერატურა:
როდიონ ქორქია „სხარტულა“
თბილისი, 1956

საბავშვო გაზეთ „ციცინათელა“-ს სხვადასხვა ნომრები

თედორე შავიშვილი „ფიგურალური სიტყვა-თქმების კრებული“
თბილისი, 1957

No comments :

Post a Comment